logo
ENG



ლელო: ოცნებამ რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთან" დავა წააგო, $76 მილიონის გადახდა დაეკისრა

15 თებ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის წევრი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ საარბიტრაჟო დავა ქართულმა ოცნებამ რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთან" წააგო და ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის 76 მილიონი დოლარის სახდელი დაეკისრა.

"13 თებერვალს ქალაქ ვაშინგტონში, შეერთებულ შტატებში, საარბიტრაჟო დავაში "ინტერ რაო" საქართველოს წინააღმდეგ, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს მთავრობას მოუგო დავა და 76 მილიონი დოლარი დააკისრა სახდელი ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის.
ეს არის მორიგი მაგალითი საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად, ამ შემთხვევაში კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის სახელმწიფოს მართვის საქმეში."- თქვა დათუნაშვილმა.

საქმე ეხება 2012 წელს, ჩაშლილ ხელშეკრულებას კომპანია "რაო თელასთან", კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ 15 წლის მანძილზე ელექტროენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო, კომპანია გააკეთებდა საქართველოში 190 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ააშენებდა სამ ჰიდროელექტრო სადგურს.

"ეს ხელშეკრულება მოიშალა ერთი მიზეზის გამო, ქართულ ოცნებას თავისი პოპულისტური დაპირება შეესრულებინა ნაწილობრივ და გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის ტარიფი მაშინ დაწიეს და ეს ხელშეკრულება ამისთვის მოშალეს. სამაგიეროდ ამ ტარიფმა იმ წლის ბოლოსვე ისევ იმატა და მას შემდეგ შეუქცევლად ძვირდება. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელები დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზარალებენ და პლუს საქართველოში არ განხორციელდა 600 მილიონი ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია."- ამბობს დათუნაშვილი.

მისი თქმით, საინტერესოა, ქართული ოცნების მმართველობის დროს რატომ გავიდა საქართველოს მთავრობა სრულად კომპანია "თელასის" წილიდან, "რატომ გაასხვისა ეს წილი და რატომ არ დაიტოვა არავითარი ბერკეტი ამ კომპანიის მართვის კონტროლისა."

"დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მთავრობისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, ამ ფაქტის შეფასებას და ახსნა-განმარტებას ამ საკითხზე."- აცხადებს ლელო საქართველოსთვის.


close დახურვა